„საბურთალო“ რეხვიაშვილმა დატოვა - კუპატაძის საკითხი მალე გაირკვევა
„საბურთალო“ რეხვიაშვილმა დატოვა - კუპატაძის საკითხი მალე გაირკვევა

გავრცელებული ცნობა, რომ გიორგი რეხვიაშვილმა საქართველოს ჩემპიონი „საბურთალო“ დატოვა, პირველ არხთან კლუბის აღმასრულებელმა დირექტორმა კახა კაშიამ დაადასტურა.

„გიორგი რეხვიაშვილთან „საბურთალოს“ ერთწლიანი კონტრაქტი აკავშირებდა. ხელშეკრულების ვადა ამოიწურა და თანამშრომლობა შეწყდა“, – ამბობს პირველ არხთან კაშია.

გიორგი რეხვიაშვილი კარიერის გაგრძელებას საბერძნეთის სუპერლიგის „ლევადიაკოსში“ აპირებს. ის „საბურთალოში“ 2018 წლის დასაწყისში ჩაირიცხა და 36 თამაშიდან 32 ჩაატარა.

უცხოეთში სურს კარიერის გაგრძელება გუნდის კაპიტანს, ეროვნული ნაკრების კანდიდატს, მეკარე ლაზარე კუპატაძესაც. კაშიას თქმით, მისი საკითხი მალე გადაწყდება:

„ლაზარე ჯერ ოფიციალურად სხვა გუნდში გადასული არაა და სანამ ყველაფერი არ გადაწყდება, მანამდე ვერ ვიტყვი, ახალ სეზონს სად ითამაშებს. მის ჩამოყალიბებაში „საბურთალოს” დიდი წვლილი მიუძღვის და გაგვიხარდება, კარიერას წარმატებულ კლუბში თუ გაააგრძელებს. ჩვენ უპირველესად ფეხბურთელის ინტერესს ვითვალისწინებთ. მაგრამ ეს „საბურთალოს“ ინტერესების დაზიანების ხარჯზე არ მოხდება. კუპატაძეს ასევე კვალიფიციური მეკარით ჩავანაცვლებთ“.

ამავე დროს „საბურთალოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა უარყო ინფორმაცია, თითქოს ოდესის „ჩერნომორეცის“ კაპიტნის, მეკარე სერგეი ლიტოვჩენკოს ჩამოყვანას აპირებენ: „უკრაინიდან მეკარის ჩამოყვანა გვსურს, მაგრამ არა ლიტოვჩენკოსი. მის ვინაობას უახლოეს დღეებში შეიტყობთ“.