საბურთალო „გორში“ დამარცხდა, თუმცა ჩემპიონობის შანსი ჯერ კიდევ რჩება (ვიდეო)

გორის თამაზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართა ეროვნული ლიგის 33-ე ტურის მორიგი მატჩი, რომელშიც ერთმანეთს ადგილობრივი „დილა“ და თბილისის „საბურთალო“ ხვდებოდნენ.

საჩხერეში ბათუმის „დინამოს“ მოულოდნელი მარცხის შემდეგ, თბილისელებს ტიტულის დაცვის რეალური შანსი გაუჩნდათ და ამ მატჩის მოგებით ზღვისპირელებს ქულებით უთანაბრდებოდნენ.

მატჩმა, როგორც მოსალოდნელი იყო, „საბურთალოს“ უპირატესობით ჩაიარა, მასპინძლები კი შედარებით იშვიათად, თუმცა საკმაოდ სახიფათოდ უტევდნენ.

კვანძი მხოლოდ მატჩის 86-ე წუთზე გაიხსნა, როდესაც კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს თავი გია ჩადუნელმა შეაგება და გორელები დააწინაურა – 1:0.

საბურთალოელებმა მატჩის გადასარჩენად მეტოქეს მთელი ძალებით შეუტიეს, თუმცა მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე მეორე გოლიც მიიღეს საკუთარ კარში. ეს გორელების უკრაინელმა ლეგიონერმა, მიკოლა კოვტალიუკმა გააკეთა და მატჩის საბოლოო ანგარიში, 2:0 დააფიქსირა.

ამ გამარჯვებით გორის „დილამ“ 41 ქულა დააგროვა და მეხუთე ადგილზე დაბრუნდა, „საბურთალოს“ კი 61 ქულა აქვს და ლიდერ ბათუმის „დინამოს“ სამი ქულით, ხოლო მეორე ადგილზე მყოფ თბილისის „დინამოს“  ორი ქულით ჩამორჩება.