„საბურთალო“ ფეხბურთის ფედერაციას პასუხობს - ქართულ ფეხბურთში სასიკეთო ძვრებია
„საბურთალო“ ფეხბურთის ფედერაციას პასუხობს - ქართულ ფეხბურთში სასიკეთო ძვრებია

საფეხბურთო კლუბმა „საბურთალომ“ ჩემპიონობის შემდეგ, უამრავი მილოცვა მიიღო, როგორც კლუბების ხელმძღვანელებისგან და გულშემატკივრებისგან, ასევე ნაცნობი თუ უცნობი ადამიანებისგან. კლუბის ადმინისტრაციამ ყველა მათგანს მადლობა გადაუხადა.

„ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს გვერდში დგომა, დაფასება და ამ სიხარულის გაზიარება. გვინდა მადლობა გადავუხადოთ ყველას ამ უდიდესი სიხარულის გაზიარებისთვის! თქვენი გვერდში დგომა ჩვენ კიდევ უფრო გვაძლიერებს!“ – წერია „საბურთალოს“ განცხადებაში.

ამავე დროს, კლუბმა საპასუხო წერილით მიმართა ლევან კობიაშვილსა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას:

„მადლობა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და მის პრეზიდენტს ლევან კობიაშვილს გულითადი მილოცვისთვის. ძალიან გახარებულები და ბედნიერები ვართ, რომ ასეთ დაძაბულ და ჯანსაღ კონკურენციაში „საბურთალო” ისტორიაში პირველად გახდა საქართველოს ჩემპიონი. ბოლო წლების განმავლობაში ქართულ ფეხბურთში ბევრი სასიკეთო ძვრები შეინიშნება. ის, რომ სპორტის ეს სახეობა პროგრესირებს, გვაჩვენა, როგორც სანაკრებო, ასევე საკლუბო მატჩებმა“.

კლუბის ადმინისტრაცია იმედს გამოხატავს, რომ დაწყებული რეფორმები მალე უკეთესი შედეგების წინაპირობა გახდება:

„გვჯერა, ყოველი მომდევნო სეზონი წინაზე უკეთესი იქნება. ერთობლივი ძალისხმევით, შრომითა და გვერდში დგომით შევძლებთ ქართული ფეხბურთის განვითარებასა და იმ დიდების დაბრუნებას, რომელსაც მონატრებულია ქართველი ხალხი!“