„საბურათალომ“ გორის „დილასთან“ ქულა ბოლო წუთებზე მოიპოვა #1TVSPORT
„საბურათალომ“ გორის „დილასთან“ ქულა ბოლო წუთებზე მოიპოვა #1TVSPORT

ეროვნული ლიგის მე-13 ტურის ცენტრალურ შეხვედრას თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონმა უმასპინძლა – გორის „დილა“ „საბურთალოს“ დაუპირისპირდა და გამარჯვება ბოლო წამებზე გაანიავა – 1:1.

ეს იყო უკანასკნელი ტურების გამორჩეული გუნდების დაპირისპირება, მაგრამ პირველმა ტაიმმა მოლოდინი არ გაამართლა. თამაში დაძაბული იყო, თუმცა ნაკლებად სანახაობრივი და გუნდებს საგოლე მომენტების შექმნა უჭირდათ.

შესვენების შემდეგ მატჩი გაცილებით მაღალ ტემპში დაიწყო და გოლებიც გავიდა. 73-ე წუთზე „დილას“ შემტევი ონორე გომისი ფლანგზე „საბურთალოს“ მცველს გასცდა და ნიკოლა კოვტალიუკი მონახა, რომელმაც გორელები დააწინაურა – 1:0.

„საბურთალო“ თამაშის გადარჩენას შეეცადა – ანგარიშის გათანაბრება გიზო მამაგეიშვილსა და გიორგი ჯგერენაიას შეეძლოთ, მაგრამ პირველ დარტყმას მცველი კარის ხაზზე გადაეღობა, მეორედ კი „დილას“ მეკარემ ურთულესი ბურთი მოიგერია.

რეალური საგოლე მომენტი „დილას“ თავდამსხმელ ტიერი გეილისაც ჰქონდა, მეკარესთან პირისპირ გასულმა შანსი ხელიდან გაუშვა. ეს გორელებს ძვირად დაუჯდათ. 90+3-ე წუთზე ლევან ნონიკაშვილის ჩაწოდებული ბურთი „დილას“ მეკარეს, ევჰენი კუჩერენკოს ხელიდან გაუვარდა და კარის წინ მყოფმა გურამ გოშთელიანმა „საბურთალოს“ ქულა მოუტანა – 1:1.

13 ტურის შემდეგ გორის „დილას“ ანგარიშზე 21 ქულაა. გუნდი მეხუთე ადგილზეა, „საბურთალო“ კი 23 ქულით მეოთხე პოზიციაზეა.