საბერძნეთში, სახანძრო ვერტმფრენების შეჯახების შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა

22:08, 02.08.2026

საბერძნეთში, ტყის ხანძრების ქრობის ოპერაციაში მონაწილე სახანძრო ვერტმფრენების შეჯახების შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ ბერძნული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, ერთმანეთს Bell-ის ტიპის ორი სახანძრო ვერტმფრენი შეეჯახა, რის შედეგადაც ეკიპაჟის ოთხი წევრიდან ორი დაიღუპა.

ვერტმფრენები ათენის დასავლეთით, ფსათაში ერთმანეთს მაშინ შეეჯახნენ, როდესაც დიდი ხანძრის ჩაქრობას ცდილობდნენ. არსებული ინფორმაციით, ინციდენტს გადაურჩნენ ერთი ბერძენი და ერთი ბრიტანელი, ხოლო დაღუპულები არიან ერთი ბერძენი და ერთი დანიელი.

მანამდე გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახურში განაცხადეს, რომ შემთხვევის ადგილიდან ორი ადამიანი მსუბუქი დაზიანებებით, ხოლო ორი უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს. შეჯახების შემდეგ ერთ-ერთი ვერტმფრენის ეკიპაჟთან დაკავშირება ვეღარ მოხერხდა.

ათენის დასავლეთით მასშტაბური ხანძრების გამო 10 ათასზე მეტი ჰექტარი ტყე და ათობით სახლი დაიწვა, რის გამოც ინდუსტრიული პარკიდან და რამდენიმე სოფლიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. ხანძრის გამომწვევ სავარაუდო მიზეზად ქარის ელექტროსადგურის კაბელების მონტაჟის დროს დაშვებული ტექნიკური ხარვეზი სახელდება. საქმეზე ორი პირია დაკავებული, რომლებსაც უსაფრთხოების წესების დარღვევას ედავებიან.

ბერძნული მედიის ინფორმაციით, 500-ზე მეტი მეხანძრე უკვე მესამე დღეა, ცეცხლის ლოკალიზებას ექსტრემალური ქარის პირობებში ცდილობს.

მსგავსი