საბერძნეთში ფერმერები აქციას მართავენ
საბერძნეთში ფერმერები აქციას მართავენ

საბერძნეთში ფერმერები აქციას მართავენ. მათ ტრაქტორები ქვეყნის მთავარი საავტომობილო გზების გასწვრივ განათავსეს და განაცხადეს, რომ მთავრობის მხრიდან მათი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ხანგრძლივი ბრძოლისთვის მზად არიან.

საპროტესტო აქციები გასულ კვირას დაიწყო და ყოველდღიურად უფრო მასშტაბური ხდება. ასობით ტრაქტორი დგას საბერძნეთის ცენტრალურ და ჩრდილოეთ ნაწილში, მთავარი ეროვნული მაგისტრალის გასწვრივ, რომელიც ქვეყნის ჩრდილოეთსა და სამხრეთს აკავშირებს. ფერმერები აცხადებენ, რომ ტრაქტორებით გადაკეტავენ მაგისტრალს, რაც შეაფერხებს მოძრაობას და, შესაძლოა, ქვეყნის მასშტაბით საქონლისა და სხვადასხვა პროდუქციის ტრანსპორტირებაც შეაფერხოს.

ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ კარდიცაში ფერმერებმა კარვები გაშალეს და კოცონები დაანთეს.

ფერმერების თქმით, მთავრობის მიერ მიღებული ზომები, მათ შორის პარასკევს შეთავაზებული ვადაგადაცილებული სესხების დაფარვის შეთავაზება, არ არის საკმარისი.

როგორც მედია წერს, ბოლო წლებში ტემპერატურამ, წყალდიდობებმა და ტყის ხანძრებმა მნიშვნელოვანი ზიანი მოუტანა სოფლის მეურნეობის სექტორის წარმომადგენლებს. მთავრობამ შესთავაზა საგადასახადო შეღავათები სასოფლო-სამეურნეო საწვავზე და შეამცირა გაყიდვების გადასახადი სასუქებისა და ტექნიკის შეძენაზე. ასევე, ბოლო წლებში გადახდილია მილიონობით ევრო ფერმერების კომპენსაციისთვის, რომლებმაც მოსავალი დაკარგეს კატასტროფული წყალდიდობების ან გვალვის გამო. თუმცა ფერმერები აცხადებენ, რომ მათი პროფესია გადარჩენისთვის იბრძვის დაბალი ფასების, მუდმივად მზარდი საწარმოო ხარჯებისა და იმპორტირებული პროდუქციის კონკურენციის გამო.

ზოგიერთმა ფერმერმა განაცხადა, რომ მათ არ მიუღიათ კომპენსაცია ბუნებრივი კატასტროფების შედეგად მიყენებული ზიანის გამო და სურთ მეტი სუბსიდია დაკარგული შემოსავლის დასაფარად. ასევე, ითხოვენ ზომების მიღებას ექსტრემალური ამინდის პირობებისგან დასაცავად.