საბერძნეთში „ფაიზერის“ ვაქცინით ხანდაზმულების აცრები დაიწყო
საბერძნეთში „ფაიზერის“ ვაქცინით ხანდაზმულების აცრები დაიწყო

საბერძნეთში ხანდაზმულების კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. ქვეყანაში იმუნიზაციის პროცესის დაწყებიდან დღემდე, „ფაიზერისა“ და „ბიონტექის“ ვაქცინა ჯანდაცვის 75 ათასზე მეტ მუშაკს გაუკეთდა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

„მე არ შემეძლო დალოდება. ეს ადამიანებს გადაარჩენს“, – განაცხადა 91 წლის ქალმა, რომელმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ათენის საავადმყოფოში გაიკეთა.

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, 11-მილიონიან ქვეყანაში მთავრობის მიზანია, ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მარტისთვის ორ მილიონ მოსახლეს ჰქონდეს გაკეთებული.

საბერძნეთში ნოემბრიდან კარანტინია დაწესებული. ორშაბათიდან ქვეყნის მასშტაბით ზოგიერთი შეზღუდვა შემსუბუქდება. პირველად ბოლო ორ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, არაპირველადი საჭიროების მაღაზიები გაიხსნება.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში ვირუსის 147 860 შემთხვევაა დაფიქსირებული. მათ შორის, პანდემიამ 5 421 პაციენტის სიცოცხლე იმსხვერპლა.