საბერძნეთში ძლიერი ქარის გამო ოთხი გემი ჩაიძირა
საბერძნეთში ძლიერი ქარის გამო ოთხი გემი ჩაიძირა

საბერძნეთში ძლიერი ქარისა და ზღვის ღელვის გამო, ოთხი გემი ჩაიძირა. ამის შესახებ ქვეყნის სანაპირო დაცვა იუწყება.

შემთხვევები ქალაქ სალონიკთან ახლოს, რამდენიმე პორტში მოხდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ჩაძირვისას გემებზე ადამიანები არ იმყოფებოდნენ.

ბოფორტის სკალის მიხედვით, 10- ბალიანი სიმძლავრის ქარის გამო, სტიქიის ზონაში რამდენიმე ავტომაგისტრალი გადაიკეტა, შეფერხებულია საზღვაო მიმოსვლაც. ამის გამო კუნძულებზე მყოფი პირები მატერიკზე გადასვლას ვერ ახერხებენ.

ტინოსის, მიკონოსისა და ანდროსის კუნძულებზე სკოლები დროებით დაიხურა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლები ადგილობრივებს სახლებში დარჩენისკენ მოუწოდებენ.

ატიკაში ძლიერი ქარის გამო, გართულებულია ტყის მასივზე გაჩენილი ხანძრების ჩაქრობა, სადაც სტიქიას ერთდროულად რამდენიმე ადგილას ებრძვიან.