საბერძნეთის თასის მფლობელი ლევან შენგელიას ახალ კონტრაქტს სთავაზობს - ქართველი შემტევის მომავალი ჯერ უცნობია #1TVSPORT
საბერძნეთის თასის მფლობელი ლევან შენგელიას ახალ კონტრაქტს სთავაზობს - ქართველი შემტევის მომავალი ჯერ უცნობია #1TVSPORT

საბერძნეთის თასის მფლობელი „ოფი კრეტა“ წამყვან მოთამაშეებთან ახალი კონტრაქტების გაფორმებას აპირებს, ამ სიაში კი ერთ-ერთი პირველი ქართველი შემტევი ნახევარმცველი ლევან შენგელიაა, – ინფორმაციას ამის შესახებ ბერძნული გამოცემა OnSports-ი ავრცელებს.

„გუნდისთვის ლიდერებთან ხელშეკრულებების გახანგრძლივება პრიორიტეტულია. „ოფი კრეტას“ ხელმძღვანელებს სურთ, ზოგიერთი მოთამაშის მომავალთან დაკავშირებული გაურკვევლობა რაც შეიძლება მალე დასრულდეს. სიაში არიან: ლევან შენგელია, ტაქსიარხის ფუნტასი, ედი სალსედო, ნიკოს ათანასიუ და ბორხა გონსალესი“, – ვკითხულობთ OnSports-ის სტატიაში.

თუმცა კიდევ ერთი ბერძნული გამოცემა – Patris-ი, ამტკიცებს, რომ შენგელია კლუბის დატოვებას აპირებს: „ლევან შენგელია „ოფი კრეტადან“ წასვლასთან ახლოსაა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქართველი ფეხბურთელი გუნდთან ერთად ვარჯიშს აღარ გააგრძელებს, რადგან კრეტელებთან მოლაპარაკებებმა დადებითი შედეგი არ გამოიღო“.

ლევან შენგელია „ოფი კრეტაში“ 2024 წლის სექტემბერში სხვა ბერძნული კლუბიდან, „პანეტოლიკოსიდან“ თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა. მიმდინარე წელს ის გუნდთან ერთად საბერძნეთის თასის მფლობელი გახდა – ფინალში კრეტელებმა პაოკ-ი პენალტების სერიაში დაამარცხეს.