საბერძნეთის პრემიერი აცხადებს, რომ დასავლეთ ბალკანეთის ექვსივე ქვეყანას ევროკავშირში ინტეგრაცია 2033 წლისთვის უნდა შესთავაზონ
საბერძნეთის პრემიერი აცხადებს, რომ დასავლეთ ბალკანეთის ექვსივე ქვეყანას ევროკავშირში ინტეგრაცია 2033 წლისთვის უნდა შესთავაზონ

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის, კირიაკოს მიცოტაკისის განცხადებით, ევროკავშირმა ამ გაერთიანებაში ინტეგრაცია დასავლეთ ბალკანეთის ექვსივე ქვეყანას 2033 წლისთვის უნდა შესთავაზოს. ამის შესახებ საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის ავტორობით გამოცემა „პოლიტიკოზე“ გამოქვეყნებულ სტატიაშია ნათქვამი.

საბერძნეთის პრემიერის თქმით, „ეს გაბედული, მაგრამ აუცილებელი ნაბიჯი იქნება“. მიცოტაკისი აღნიშნავს, რომ ევროკავშირმა უნდა დაამტკიცოს, როდესაც „ხედვას აყალიბებს, მას აქვს განზრახვა და შესაძლებლობა დაიცვას ის“.

კირიაკოს მიცოტაკისის თქმით, ამ რეგიონისთვის ევროკავშირში გაწევრიანების ხედვა „გახდა ბუნდოვანი და არის იმედგაცრუება მოქალაქეების თვალში“, რადგან გაერთიანების გაფართოება ბოლო წლებში შეჩერდა უსაფრთხოების, მმართველობისა და მიგრაციის პრობლემების გამო.

„ჩემი დღევანდელი გზავნილი ნათელია – დასახული კრიტერიუმების შესაბამისად, შემოგთავაზოთ მთელი დასავლეთ ბალკანეთის ევროკავშირში ინტეგრაცია 2033 წლისთვის – ამბიციური, მაგრამ მიღწევადი ვადები. ეს დიდი ხანია, დაგვიანებულია. პირველი ნაბიჯი უნდა იყოს გადაწყვეტილება ორ კვირაში, ბრიუსელში, რათა მოხდეს ჩრდილოეთ მაკედონიისა და ალბანეთის გზის განბლოკვა“, – აღნიშნა მიცოტაკისმა.

დასავლეთ ბალკანეთის ექვს ქვეყანას შორის მოიაზრებიან მონტენეგრო, სერბეთი, ალბანეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, ბოსნია და კოსოვო. მიმდინარე წლის 23 ივნისს ევროკავშირისა და დასავლეთ ბალკანეთის სამიტია დაგეგმილი.