საბერძნეთის ნაკრების მწვრთნელი - საქართველოს ძლიერი და შეტევებისას ძალიან სწრაფი გუნდი ჰყავს #1TVSPORT
საბერძნეთის ნაკრების მწვრთნელი - საქართველოს ძლიერი და შეტევებისას ძალიან სწრაფი გუნდი ჰყავს #1TVSPORT

საბერძნეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გუსტავო პოიეტმა ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის ფინალში გასვლის შემდეგ საქართველოს ნაკრების შესახებ ისაუბრა. ნახევარფინალში საბერძნეთმა ყაზახეთი 5:0 დაამარცხა.

„ხაზი უნდა გავუსვა ჩვენი ფეხბურთელების სათამაშო ხარისხსა და მონდომებას. პირველი 25 წუთი მათ მაღალი დონის ფეხბურთი აჩვენეს და შედეგს ამიტომ მივაღწიეთ.

ეროვნული ნაკრები და მისი სულისკვეთება უმნიშვნელოვანესია. სანამ საბერძნეთის ეროვნულ გუნდს ჩავიბარებდი, ვნახე თამაშები, რომელთა მოგებაც შეგვეძლო, მაგრამ ამას გამარჯვებულის მენტალიტეტი სჭირდებოდა. გვესმოდა, რომ ეს მოთამაშეთა თავდაჯერებულობის გარეშე წარმოუდგენელი იყო. ახლა სიტუაცია შეიცვალა.

მას შემდეგ, რაც საბერძნეთის ნაკრების მწვრთნელი გავხდი, ჩემი მთავარი მიზანი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვედრა იყო. მიზანს ერთი თამაში გვაშორებს. გპირდებით, რომ გუნდი ყველაფერს გაიღებს, რათა ევრო 2024-ზე ითამაშოს.

ფინალში ჩვენ საქართველოს ნაკრებს გასვლაზე დავუპირისპირდებით. არის თუ არა ის ფავორიტი? ვიცით, რომ ეს ძალიან ძლიერი გუნდია, რომელიც სწრაფია შეტევაშიც და კონტრშეტევაზეც. 26 მარტის მატჩისთვის სერიოზულად მოვემზადებით, რადგან რთული შეხვედრა გველის“, – ამბობს გუსტავო პოიეტი.

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ის პლეი ოფის ფინალს საბერძნეთის ნაკრებთან 26 მარტს „დინამო არენაზე“ ჩაატარებს.