საბერძნეთის ნაკრების მწვრთნელი - ევრო 2024-ის პლეი ოფის ფინალის წილისყრა ისე არ დასრულდა, როგორც გვინდოდა #1TVSPORT
საბერძნეთის ნაკრების მწვრთნელი - ევრო 2024-ის პლეი ოფის ფინალის წილისყრა ისე არ დასრულდა, როგორც გვინდოდა #1TVSPORT

საბერძნეთის საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გუსტავო პოიეტმა ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდთან კომენტარი გააკეთა ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის წილისყრის შესახებ, სადაც გაირკვა, რომ საბერძნეთის ნაკრები, ყაზახეთის დამარცხების შემთხვევაში, ფინალს სტუმრად ითამაშებს საქართველოს ან ლუქსემბურგის წინააღმდეგ.

„ერთა ლიგაში ჩვენი გუნდის პროგრესმა საშუალება მოგვცა, რომ ეროვნული ნაკრები კვლავ დიდ საერთაშორისო ტურნირზე მოხვდეს. ერთ-ერთი პირველი გუნდი ვიყავით, რომელმაც პლეი ოფში ადგილი მოიპოვა. ვამაყობთ იმ შედეგებით, რადგან მივაღწიეთ იმ მიზანს, რომელიც ფედერაციამ დაგვისახა.

თუმცა მთავარი ამოცანა ევრო 2024-ზე მოხვედრაა, რისთვისაც მე და ჩემი ფეხბურთელები ყველაფერს გავაკეთებთ. რაც შეეხება წილისყრას, ჯერ ფინალზე არ ვფიქრობთ. ჩვენთვის ფინალი ჯერ ყაზახეთთან მატჩი იქნება, ევრო 2024-თან მისაახლოებლად ეს გუნდი უნდა დავამარცხოთ.

ყველაფერი ისე არ გამოვიდა, როგორც ჩვენ გვინდოდა. ფინალში გასვლის შემთხვევაში სტუმრად ვითამაშებთ, მაგრამ ბევრს ნუ ვისაუბრებთ და ყურადღება ყაზახეთთან მატჩზე გავამახვილოთ“, – განაცხადა გუსტავო პოიეტმა.

ევრო 2024-ის პლეი ოფის ნახევარფინალში საბერძნეთისა და ყაზახეთის მატჩი 2024 წლის 21 მარტს ათენში გაიმართება. გამარჯვებული ფინალში საქართველო-ლუქსემბურგის წყვილში უძლიერესთან იბრძოლებს ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურისთვის.