საბაჟოზე დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე საგამოძიებო სამსახურში გამოძიება დაიწყო
საბაჟოზე დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე საგამოძიებო სამსახურში გამოძიება დაიწყო

2 თებერვალს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაიწყო გამოძიება საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევისა და ყალბი საანგარიშსწორებო ბარათის ჯგუფურად დამზადება-გამოყენების ფაქტზე. ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიებას საფუძვლად დაედო შემოსავლების სამსახურიდან მიღებული შეტყობინება.

„არსებული ინფორმაციით საბაჟო პროცედურების დარღვევით მოხდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით საწვავის გადაადგილება, რომლის რეალიზაციაც სავარაუდოდ განხორციელდა საქართველოს მასშტაბით განლაგებული ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილი ავტოგასამართი სადგურების მეშვეობით.

საქმის ვითარების გასარკვევად საჭირო ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნით ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები“, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე და 210-ე მუხლების მე-2 ნაწილებით.