საბა საზონოვით დაინტერესებულ კლუბებში ზაგრების „დინამოც“ დასახელდა #1TVSPORT
საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის „დინამოს“ მცველი საბა საზონოვი ზაგრების „დინამოს“ სატრანსფერო სიაში მოხვდა. გამოცემა Legalbet-ის ინფორმაციით, კლუბი მზადაა, 21 წლის ქართველი მცველის თაობაზე კონკრეტული მოლაპარაკება დაიწყოს.
„„დინამო“ 21 წლის ქართველ ფეხბურთელს თვალს ადევნებს. ზაგრების კლუბი უფრო აქტიურადაც ჩაერთვება მოლაპარაკებაში. მიზეზი ცენტრალური მცველის, იოსიპ სუტალოს შესაძლო ტრანსფერია, მას „აიაქსთან“ აკავშირებენ.
Legalbet-ის ცნობით, საზონოვის პოტენციური ტრანსფერი ზაგრების „დინამოში“ 2,5 მილიონ ევროდ არის შეფასებული. ფეხბურთელი 2021 წლიდან მოსკოვის „დინამოში“ თამაშობს. მისი კონტრაქტი კლუბთან ძალაშია 2024 წლის 30 ივნისამდე“, – ვკითხულობთ Legalbet-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს ნაკრების 20 წლის მცველისადმი ინტერესი განსაკუთრებით ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის შემდეგ გაიზარდა. მან ტურნირი მაღალ დონეზე ჩაატარა, ორმა გამოცემამ ევრო 2023-ის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა, ხოლო Transfermarkt-მა ფეხბურთელის ფასი სამ მილიონ ევრომდე გაზარდა.
ზაფხულში საბა საზონოვის გვარს „ლიონს“, „მარსელს“, „ესპანიოლს“, „ლაციოს“, „ფროსინონეს“, „ბარნლის“, „ბეშიქთაშსა“ და „გალათასარაის“ უკავშირებდნენ, მაგრამ მოსკოვის „დინამოს“ მიერ დასახელებული ფასი, 3-4 მილიონი ევრო დაინტერესებული კლუბებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.