საბა საზონოვი - წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელება ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა [ვიდეო] #1TVSPORT
საბა საზონოვი - წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელება ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა [ვიდეო] #1TVSPORT

საბა საზონოვმა, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ GFF Awards 2023-ის საზეიმო დაჯილდოებაზე წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელა, ვიდეომიმართვა ჩაწერა და აღიარებისთვის მადლობა გადაიხადა.

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის“ მსგავსად, 29 დეკემბერს საზონოვის „ტორინო“ წლის ბოლო მატჩს გამართავს, გასვლაზე „ფიორენტინას“ დაუპირისპირდება და საბა დაჯილდოებას ვერ დაესწრო. აღსანიშნავია, რომ საბამ მიმართვა ქართულად ჩაწერა და სანაკრებო შეკრებებზეც ჩვეულებრივ ქართულად საუბრობს.

„მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ ამ ჯილდოსთვის. ეს ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა. ჩვენ კარგი სანაკრებო წელი გვქონდა, განსაკუთრებით, საქართველოში ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატზე. ვიცი, კიდევ უამრავი ჩემპიონატი გველოდება წინ და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ საქართველოს ფეხბურთის ძლიერ ისტორიას გულშემატკივრებთან ერთად დავწერთ.

კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ და მოგილოცოთ მომავალი შობა-ახალი წელი. ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, გულშემატკივრებს და მთელ საქართველოს“. – ამბობს საბა საზონოვი.

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და 21-წლამდელთა გუნდის ფეხბურთელისთვის 2023 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო. საბა საზონოვმა საქართველოს მოქალაქეობა 2022 წელს მიიღო, წელს კი ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე უეფა-მ და Sofascore-მა ტურნირის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა. საბა საზონოვი 2023-ში სერია A-ს კლუბის, „ტორინოს“ ფეხბურთელი გახდა.