საბა საზონოვი – ერთწლიანი შესვენების მერე ჩემთვის ნებისმიერი მატჩი დიდი გამოწვევაა #1TVSPORT

21:02, 06.08.2026

საქართველოს ნაკრების 24 წლის ცენტრალური მცველი საბა საზონოვი „ხეტაფეში“ გადასვლის შემდეგ მედიას შეხვდა და ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა.

„თავს შესანიშნავად ვგრძნობ. მომავალ სეზონში ვითამაშებთ ლა ლიგაში, ესპანეთის თასსა და კონფერენსლიგაზე. ამის გათვალისწინებით, ძალიან ბედნიერი ვარ. გუნდში შესანიშნავი გარემოა, თანაგუნდელებმა ოჯახის წევრივით მიმიღეს და მწვრთნელთანაც კარგი ურთიერთობა დავამყარე.

დიახ, გასულ სეზონში არ მითამაშია. „ხეტაფეში“ ჯერ კიდევ მაშინ გადმოვდიოდი, მაგრამ ტრანსფერი ბოლო დღეს ჩაიშალა, რის შემდეგაც „ტორინომ“ განაცხადს მიღმა დამტოვა. თუმცა ფორმის შესანარჩუნებლად ვარჯიში არ შემიწყვეტია. რაც შეეხება ჩემს სათამაშო სტილს, შეიძლება მას აგრესიული ვუწოდოთ და ეს „ხეტაფეს“ თამაშის ფილოსოფიას ძალიან ჰგავს. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ესპანეთში ჩემი მაქსიმუმი გამოვავლინო.

„ხეტაფეს“ შეხვედრებს ხშირად ვუყურებდი, ამიტომ გუნდზე ბევრი რამ ვიცი. ასევე ვიცნობ კლუბის იმ ფეხბურთელებს, რომლებიც იტალიაში თამაშობდნენ. ზოგიერთ მათგანთან უკვე ვისაუბრე, ისევე როგორც მთავარ მწვრთნელთან, ხოსე ბორდალასთან. დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, თუმცა მოკლედ ვიტყვი – ჩემი მთავარი ამოცანა კარის მშრალად შენახვაა. იმედია, მწვრთნელი და თანაგუნდელები დამეხმარებიან, მე კი მათ დავეხმარები.

ევროტურნირები? აქამდე არასოდეს მითამაშია, ამიტომ კონფერენსლიგაზე გამოსვლა ჩემთვის დიდი გამოწვევაა. თუმცა ერთწლიანი შესვენების შემდეგ ჩემთვის ნებისმიერი მატჩი მნიშვნელოვანია. ყველაზე მეტად მაინც „სანტიაგო ბერნაბეუსა“ და „ატლეტიკოს“ სტადიონებზე თამაშს ველოდები, რადგან ეს მადრიდული დერბი იქნება“, – განაცხადა საზონოვმა.

მსგავსი