საბა სამუშია ესპანეთის ლა ლიგა 2-ში ითამაშებს - ქართველი ნახევარმცველი „ანდორაში“ ჩაირიცხა #1TVSPORT
„დინამო თბილისის“ აღზრდილი საბა სამუშია ესპანეთის ლა ლიგა 2-ის „ანდორაში“ (რომლის მფლობელი „ბარსელონას“ ყოფილი ფეხბურთელი ჟერარ პიკეა) ჩაირიცხა – ამის შესახებ 19 წლის ფეხბურთელმა საქართველოს პირველ არხთან განაცხადა.
„2025 წლის დასაწყისში პორტუგალიურ „რიუ ავეში“ გადავედი, მაგრამ ტრავმის გამო ვერ ვთამაშობდი, შემდეგ სამი თვით იჯარით ბარსელონის „კორნეოში“ გამიშვეს, ახლა კი ლა ლიგა 2-ის „ანდორაში“ გადავედი.
კლუბთან სამწლიან კონტრაქტს მოვაწერე ხელი. ახალი სეზონისთვის „ანდორაში“ მოვემზადები და დიდი იმედი მაქვს, რომ ფორმას აღვიდგენ. უთამაშებლობის შემდეგ, ვფიქრობ, ამ გუნდში გადასვლა ჩემს კარიერას წაადგება“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან საბა სამუშიამ.
19 წლის შემტევმა ნახევარმცველმა კარიერაც „დინამო თბილისში“ დაიწყო. იჯარით გამოდიოდა ფამაგუსტას „ანორთოსისის“ 19-წლამდელთა გუნდში. 2025 წელს პორტუგალიურ „რიუ ავეს“ 23-წლამდელებში ჩაირიცხა. იყო საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებების წევრი.
საბა სამუშიამ 2023 წელს ვიტალი დარასელიას სახელობის თასზე საუკეთესო თავდამსხმელის პრიზი მიიღო, ხოლო ფეხბურთის ფედერაციამ 19-წლამდელთა შორის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა.