საბა ლობჟანიძე - მზად ვართ, საქართველოს ნაკრების წარმატებული სერია გავაგრძელოთ #1TVSPORT
საბა ლობჟანიძე - მზად ვართ, საქართველოს ნაკრების წარმატებული სერია გავაგრძელოთ #1TVSPORT

საბა ლობჟანიძემ კომენტარი გააკეთა ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის მოახლოებული მატჩების შესახებ, რომლებისთვისაც საქართველოს ნაკრები თბილისში ემზადება.

ეროვნული გუნდის საწვრთნელ პროცესში 25 ფეხბურთელი მონაწილეობს. კვიპროსში გამგზავრებამდე ნაკრები კიდევ ერთ ვარჯიშს გამართავს. ლარნაკაში ვილი სანიოლის გუნდი 15 ივნისს გაემგზავრება.

„ჯგუფის ორ მნიშვნელოვან თამაშამდე ხანგრძლივი და კარგი მოსამზადებელი ეტაპი გვაქვს. ორივე მოწინააღმდეგე განსხვავებული სტილის გუნდია. ახლა სრული კონცენტრაცია გვაქვს კვიპროსთან მატჩზე, რადგან გვსურს, ქულები ავიღოთ.

შემდეგ კი, როგორც იცით, ჯგუფის ლიდერს, შოტლანდიას ვხვდებით. მზად ვართ, საინტერესო საფეხბურთო სეზონის შემდეგ წარმატებული სანაკრებო სერია გავაგრძელოთ“, – ამბობს საბა ლობჟანიძე.

საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი:

17 ივნისი | კვიპროსი – საქართველო | 22:45
20 ივნისი | შოტლანდია – საქართველო | 22:45

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მატჩების ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ, ხოლო რადიორეპორტაჟებს – საქართველოს რადიო (FM 102.3).