საბა ლობჟანიძე - გულშემატკივარი შვედებთან დამატებითი მოტივაციაა #1TVSPORT
საბა ლობჟანიძე საქართველოს ეროვნული გუნდის შეკრებაზე პირველივე დღეს გამოცხადდა. თურქული „ჰატაისპორის“ შემტევმა კომენტარი ეროვნული გუნდის მზადების შესახებ გააკეთა.
„შვედეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ სათამაშოდ ვემზადებით. ვფიქრობ, რომ ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია და ადვილი თამაში ნამდვილად არ გვექნება. სრული შემადგენლობით ხვალიდან შევიკრიბებით“, – განაცხადა საბა ლობჟანიძემ.
ეროვნული ნაკრების 26 წლის შემტევმა ბათუმის სტადიონზე მაყურებლის დაშვებაზე გაამახვილა ყურადღება.
„ძალიან სასიამოვნოა, რომ შეხვედრას გულშემატკივარი დაესწრება, ეს ჩვენთვის დამატებითი მოტივაციაა. ჩვენი სურვილია, რომ მთლიანად წელი და კონკრეტულად საკვალიფიკაციო ეტაპი კარგად დავასრულოთ“, – ამბობს საბა ლობჟანიძე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული გუნდი „ზესტაფონის“ თბილისის ზღვის ბაზაზე შეიკრიბა და 2021 წლის დასკვნითი მატჩებისთვის მზადება დაიწყო. თუმცა, ვილი სანიოლის განკარგულებაში ეროვნული ნაკრების ლეგიონერების უმრავლესობა მხოლოდ 9 ნოემბრიდან იქნებიან.
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი
11 ნოემბერი. 21:00. ბათუმი
საქართველო – შვედეთი
საერთაშორისო ამხანაგური მატჩი
15 ნოემბერი. 18:00. გორი
საქართველო – უზბეკეთი
შეგახსენებთ, რომ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ნაკრების ორივე შეხვედრის ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ, ხოლო რადიორეპორტაჟს – საქართველოს რადიო (FM 102.3).