საბა ლობჟანიძე – ეროვნულ ნაკრებში ახალწვეულების მოსვლა ძალიან კარგია #1TVSPORT

23:44, 03.06.2025

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრებმა, საბა ლობჟანიძემ და გიორგი გულიაშვილმა ფარერის კუნძულებისა და კაბო ვერდეს ეროვნული ნაკრებების წინააღმდეგ ჩასატარებელი ამხანაგური მატჩებისა და გუნდის მზადების პროცესის შესახებ კომენტარები გააკეთეს.

„ჩემთვის ახლა შუა სეზონია და კარგ ფორმაში ვარ. გუნდში კარგი განწყობაა. მივესალმებით ახალწვეულების მოსვლას. ეს ძალიან კარგია და ჩვენ, გამოცდილი ფეხბურთელები, რა თქმა უნდა, დავეხმარებით და ხელს შევუწყობთ, რათა თავისუფლად იგრძნონ თავი“, – განაცხადა საბა ლობჟანიძემ

„თავს კარგად ვგრძნობ. სეზონის ბოლოა, მაგრამ სანაკრებო შეკრებისთვის ყოველთვის განსაკუთრებულად ვემზადებით. განწყობა შესანიშნავია. ვემზადებით მოახლოებული თამაშებისთვის და ვეცდებით, წარმატებულად დავასრულოთ ეს შეკრება.

ველოდებით, რომ როგორც ქუთაისში, ისე დინამო არენაზე ბევრი მაყურებელი იქნება. გვჭირდება მათი გულშემატკივრობა და ვეცდებით, მოგებათა სერია გავაგრძელოთ“, – აღნიშნა გიორგი გულიაშვილმა.

საქართველოს ნაკრები 5 ივნისს „დინამო არენაზე“ ფარერის კუნძულების ნაკრებს უმასპინძლებს. მეორე მატჩი 8 ივნისს ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე შედგება. ორივე შეხვედრის დაწყების დრო 20:00 საათია.

მსგავსი