საბა კვირკველიას „ლოკომოტივი“ მადრიდში განადგურდა

რუსეთის ჩემპიონატის ლიდერმა, მოსკოვის „ლოკომოტივმა“ ევროპის ლიგის მერვედფინალის პირველ მატჩში დიდი წინააღმდეგობა ვერ გაუწია მადრიდის „ატლეტიკოს“ და 0:3 დამარცხდა, რითაც თითქმის დაკარგა მეოთხედფინალში გასვლის შანსი.

ანგარიში 22-ე წუთზე ფანტასტიკური დარტყმით საულ ნიგესმა გახსნა, მეორე ტაიმის მეორე წუთზე კი დიეგო კოშტამ ორამდე გაზარდა „ატლეტიკოს“ უპირატესობა. ამის შემდეგ, კარგა ხანი საინტერესო არაფერი ხდებოდა, მაგრამ 90-ე წუთზე მადრიდულმა კლუბმა კიდევ ერთი საგოლე კომბინაცია გაითამაშა და კოკეს გაატანინა, რითაც საბოლოო წერტილი დაუსვა მოსკოველთა განადგურებას.

„ლოკომოტივის“ შემადგენლობაში 90 წუთი ითამაშა საქართველოს ნაკრების ცენტრალურმა მცველმა საბა კვირკველიამ.

მადრიდელებს ამ მატჩში ბურთის ფლობის 66 პროცენტი ჰქონდათ, სამჯერ მეტი დაარტყეს (12-4), ზუსტ დარტყმებში 5-1 მოიგეს და რვა კუთხური ჩააწოდეს (ორის წინააღმდეგ).

განმეორებითი მატჩი ერთ კვირაში მოსკოვში გაიმართება.