საბა კვირკველიას გუნდი ევროლიგის 1/16-ფინალში გავიდა
საბა კვირკველიას გუნდი ევროლიგის 1/16-ფინალში გავიდა

მოსკოვის „ლოკომოტივმა“ ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ჩეხეთის “ზლინ-ფასტავი” გასვლაზე 2:0 დაამარცხა და 1/16 ფინალში გავიდა.

რუსული გუნდის სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა საბა კვირკველიამ – ქართველმა მცველმა დიდი როლი ითამაშა, მორავიულმა კლუბმა მოსკოველთა კარი რომ ვერ აიღო.

ამ გამარჯვებით “ლოკომოტივმა” 11 ქულა დააგროვა, ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და ევროპის ლიგის იმ საუკეთესო 32 კლუბში მოხვდა, რომელიც საპატიო პრიზისთვის ბრძოლას აგრძელებს.

ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპი ვერ გადალახეს ვაკო გვილიასბატემ“, გურამ კაშიას “ვიტესმა” და ჯაბა ჯიღაურის “ვარდარმა” – სამივე ბოლო ადგილზე გავიდა.

სამაგიეროდ, ჯგუფური ეტაპი პირველ პოზიციაზე დაასრულა კიევის “დინამომ”, სადაც ლუკა ლოჩოშვილი ირიცხება – თუმცა, 19 წლის ქართველი ტრავმის გამო ვერ თამაშობს.

შეგახსენებთ, რომ 6 დეკემბერს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი წარმატებით დასძლია დონეცკის “შახტარმაც“, სადაც დათა ხოჭოლავა თამაშობს – საქართველოს ნაკრების ცენტრალურმა მცველმა 4 შეხვედრა ჩაატარა და ბოლო 10 წელიწადში პირველი ქართველი იქნება, ვისაც ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში თამაშის შანსი გაუჩნდა.