საბა კვირკველია - სისულელეა, თითქოს, „ლოკომოტივში“ კვარაცხელიას წასვლისა და წონის გამო აღარ მათამაშებდნენ
საბა კვირკველია - სისულელეა, თითქოს, „ლოკომოტივში“ კვარაცხელიას წასვლისა და წონის გამო აღარ მათამაშებდნენ

პოპულარულმა სპორტულმა გამოცემა „სპორტ-ექსპრესმა“ მოსკოვის „ლოკომოტივიდან“ ვოლგოგრადის „როტორში“ გადასულ საბა კვირკველიას ვრცელი ინტერვიუ ჩამოართვა. საქართველოს ნაკრების მცველმა ამ გადაწყვეტილებასა და სხვა საინტერესო საკითხებზე ილაპარაკა.

„ისეთ ვითარებაში ჩავვარდი, თამაში მჭირდებოდა. ფორმაში ნელ-ნელა შევდივარ, „როტორთან“ კი იჯარა ზამთრამდე მაქვს და დრო გვაჩვენებს, მომავალში რა მოხდება. სიომინი წავიდა, ახალი მწვრთნელი მოვიდა და მორჩა. ნიკოლიჩის გადაწყვეტილებაზე რა უნდა ვთქვა? როდესაც 5-6 მატჩში სათადარიგოებში ხარ, ყველაფერი ცხადია, უნდა წახვიდე და სხვაგან ითამაშო. არავისთან კონფლიქტი არ მომსვლია. თვითონ მივედი ხელმძღვანელობასთან და ვუთხარი, რომ თამაში მინდა. „როტორში“ ამიტომაც ვარ. „ლოკომოტივთან“ კონტრაქტის დასრულებამდე ერთ წელიწადზე ნაკლები დარჩა. ვნახოთ, რა იქნება. მის გარდა მსოფლიოში ბევრი გუნდია. ყველაფერი კლუბზეა დამოკიდებული: უნდათ ჩემი უკან დაბრუნება? თუ არა, არც მე მსურს. იქ სათადარიგოთა სკამზე აღარ დავჯდები. ეს 100 პროცენტით გადაწყვეტილია,“ – ამბობს კვირკველია.

საბამ მამუკა ჯუღელის შესახებაც ილაპარაკა, რომლის გარეშეც, ჟურნალისტის თქმით, „როტორში“ ხუთი ქართველი ვერ მოხვდებოდა:

„აქ ჩემი ბევრი მეგობარია და ალბათ, ამიტომ გადმოვედი. ადაპტაცია გამიადვილდება. „როტორში“ ბევრი ქართველი რომ ვართ, ამის მიზეზი მწვრთნელმა უფრო იცის. მას რომ არ სურდეს, აგენტი ვერაფერს გააკეთებდა. გამოდის, ხაცკევიჩსაც უნდოდა, რომ აქ ქართველები შევკრებილიყავით. ჩემი არჩევნით კმაყოფილი ვარ. კარგი ქალაქი და მშვენიერი სტადიონია, ვოლგოგრადელებს კი ფეხბურთი ძალიან უყვართ. კარგი შედეგისთვის ყველა პირობებია“.

კვირკველიამ უარყო გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, ხვიჩა კვარაცხელიას „ლოკომოტივიდან“ წასვლისა და წონის გამო აღარ ათამაშებდნენ:

„ეს სისულელეა. უბრალოდ, ტრავმა მქონდა, სეზონის დაწყებამდე შეკრებაზე განვიკურნე, მერე „ზენიტთან“, „ახმატთან“ და „როსტოვთან“ ვითამაშე. ამ დროს კორონავირუსი დაიწყო. ჩემპიონატზე პაუზის შემდეგ სიომინი წავიდა და თავადაც ნახეთ, რაც მოხდა. სიომინი ჩემთვის ლეგენდაა. დიდ პატივს ვცემ და ასე იქნება სიცოცხლის ბოლომდე. არასოდეს დავივიწყებ იმ სიკეთეს, რაც მან გამიკეთა. მე მასთან დღემდე კარგი ურთიერთობა მაქვს და ეს არასოდეს შეიცვლება. ასევე ტყუილია ხმები წონასთან დაკავშირებით. ასეთი რამ არ ყოფილა. შესაძლოა, შეკრებაზე ზედმეტი 2-3 კილოგრამი მქონდა, მაგრამ სეზონისას ყოველთვის ფორმაში ვიყავი“.