საბა კვირკველია მოედანს დაუბრუნდა - ქართველმა ტრავმის შემდეგ ითამაშა
საბა კვირკველია მოედანს დაუბრუნდა - ქართველმა ტრავმის შემდეგ ითამაშა

საბა კვირკველიამ, რომელიც მაისში დაშავდა და საქართველოს ნაკრებსა და მოსკოვის „ლოკომოტივს“ მას შემდეგ ვერ ეხმარება, საკონტროლო შეხვედრა ჩაატარა.

ეს ევროპული სანაკრებო პაუზის დროს მოხდა – მოსკოვის „ლოკომოტივმა“ საერთაშორისო ამხანაგური შეხვედრა ლატვიურ გუნდთან, იურმალას „სპარტაკთან“ (2:0) ჩაატარა.

ქართველს სრულად არ უთამაშია. თუმცა, მოსკოვური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, იური სიომინმა განაცხადა, რომ საბა კვირკველია სავარაუდოდ მოედანს უახლოეს პერიოდში დაუბრუნდება.

„კარგი ვარჯიში გამოვიდა გაზრდილი დატვირთვით. დღეს ფეხბურთელთა ის ჯგუფი ვათამაშეთ, რომელსაც მუდმივი სათამაშო პრაქტიკა აკლია. მოედანზე კვირკველიამ 45 წუთი გაატარა და იმედი გვაქვს, რომ საბა უკვე გამოჯანმრთელდა და მალე დაგვეხმარება“, – ამბობს სიომინი.

შეგახსენებთ, რომ ტრავმის გამო საბა კვირკველია საქართველოს ნაკრებს ვერც ზაფხულის მატჩებში (გიბრალტართან და დანიასთან) დაეხმარა და ვერც ახლახანს გამართულ (კორეასთან და დანიასთან) დაპირისპირებებში.