საბა კვირკველია „გაგრაში“ ითამაშებს - ტრანსფერი უახლოეს საათებში დადასტურდება #1TVSPORT
საბა კვირკველია „გაგრაში“ ითამაშებს - ტრანსფერი უახლოეს საათებში დადასტურდება #1TVSPORT

საბა კვირკველია კარიერას „გაგრაში“ განაგრძობს. საქართველოს ნაკრების 29 წლის მცველის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს კლუბში დაუდასტურეს, თუმცა, გვითხრეს, რომ ტრანსფერი ჯერ დასასრულებელია.

კვირკველიამ კარიერა რუსეთში დაიწყო, იყო მოსკოვის „ლოკომოტივის“ და რუსეთის ჩემპიონატის საუკეთესო მცველი და ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა. მაგრამ 2021 წელს კლუბიდან წამოვიდა და გარკვეული ხანი უგუნდოდ იყო.

ბოლოს ხარკოვის „მეტალისტში“ თამაშობდა, მაგრამ რუსეთის სამხედრო აგრესიის გამო უკრაინაში საფეხბურთო ჩემპიონატი ვერ გრძელდება, კლუბებს ფეხბურთისთვის არ სცალიათ, ფიფა-მ კი უკრაინული კლუბების წევრებს სათამაშო პრაქტიკა რომ არ დაეკარგათ, 30 ივნისამდე სხვა კლუბში გადასვლის უფლება მისცა.

„გაგრაში“ გვითხრეს, რომ საბა კვირკველიას და კლუბს შორის შეთანხმება ჯერ კიდევ მარტის სანაკრებო შეკრებამდე არსებობდა, რომ ზაფხულამდე გუნდს დაეხმარებოდა. ტრანსფერი უახლოეს საათებში დადასტურდება. შეგახსენებთ, რომ ესპანური მედიის ცნობით, შესაძლოა, ახალი სეზონიდან კვირკველია „ალმერიაში“ გადავიდეს.

„გაგრაში“ კვირკველია მესამე ფეხბურთელია, რომელსაც ნაკრებში უთამაშია. მიმდინარე სეზონში გუნდმა მათე ვაწაძე და თემურ შონია დაიმატა.