საბა კვირკველია „გაგრას“ უანგაროდ დაეხმარება #1TVSPORT
საბა კვირკველია „გაგრას“ უანგაროდ დაეხმარება #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების მცველის, საბა კვირკველიას ტრანსფერზე მუშაობა დასრულდა. ის „გაგრას“ მოთამაშეა – ინფორმაცია საქართველოს პირველ არხთან საფეხბურთო კლუბ „გაგრას“ ვიცე-პრეზიდენტმა გოდერძი ჩიხრაძემ ოფიციალურად დაადასტურა.

„საბა კვირკველია ზამთრის შესვენებაზე საქართველოში რომ ჩამოდიოდა, „გაგრაში“ ბევრჯერ ივარჯიშა, რადგან თავს ვალდებულად ვთვლიდით, რომ ნაკრების წევრს ფორმის შენარჩუნებაში დავხმარებოდით. ეტყობა, ეს დააფასა და თავად გამოხატა სურვილი, ჩვენთან ეთამაშა“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან გოდერძი ჩიხრაძემ.

„გაგრას“ ვიცე-პრეზიდენტი არ მალავს, გამოცდილი მცველი კლუბს უანგაროდ დაეხმარება:

„ყველამ იცის, რომ ახლა „გაგრა“ ეროვნულ ლიგაში ყველაზე ღარიბი კლუბია. საბას ნებისმიერ ქართულ კლუბში მისვლა შეეძლო, მან კი თავად გვითხრა, რომ ყოველგვარი ხელფასის გარეშე ზაფხულამდე გვერდში დაგვიდგებოდა. ასე მხოლოდ ღირსეული ადამიანები იქცევიან“.

საბა კვირკველია, დიდი ალბათობით, ეროვნულ ლიგაში პირველ შეხვედრას კვირას, 10 აპრილს ითამაშებს – ჩემპიონატის მე-7 ტურში „გაგრა“ „დინამო არენაზე“ ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლებს.

აღსანიშნავია, რომ საბა კვირკველია ის იშვიათი გამონაკლისია, რომელსაც უცხოეთში წასვლამდე ეროვნულ ლიგაში არ უთამაშია. ქართველი მცველი ზაფხულში ვოლგოგრადის „როტორიდან“ უკრაინის პრემიერლიგის ხარკოვის „მეტალისტ 1925-ში“ გადავიდა, მაგრამ გუნდი რუსეთის აგრესიის გამო დატოვა.