საბა ხარებაშვილი თურქეთში გამგზავრებამდე „დინამო თბილისს“ დაემშვიდობა #1TVSPORT
საბა ხარებაშვილი „დინამო თბილისიდან“ კარიერას თურქეთის სუპერლიგის „ბაშაქშეჰირში“ გააგრძელებს – 18 წლის მცველი დედაქალაქურ კლუბს ოფიციალურად დაემშვიდობა.
„დადგა დღე, როდესაც მადლობის თქმა ყველაზე რთულია.
განსაკუთრებული მადლობა, მინდა, გადავუხადო კლუბს, რომელმაც შესაძლებლობა მომცა, გავზრდილიყავი არა მხოლოდ როგორც ფეხბურთელი, არამედ როგორც პიროვნება. თქვენ მასწავლეთ შრომის ფასი, დისციპლინა, პასუხისმგებლობა და ადამიანური ღირებულებები, რომლებიც მთელი ცხოვრება გამყვება.
მადლობა თითოეულ თქვენგანს: მწვრთნელებს, თანაგუნდელებს, სტაფს. ყველას, ვისაც ჩემი ცხოვრების გზაზე პატარა წვლილი მიუძღვის ჩემს განვითარებაში. თქვენი შრომა, ნდობა და თანადგომა ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იქნება.
განსაკუთრებული მადლობა გულშემატკივრებს – თქვენი სიყვარული და გვერდში დგომა ყველაზე რთულ და ყველაზე ბედნიერ წუთებში უდიდეს ძალას მაძლევდა.
„დინამო თბილისი“ ყოველთვის იქნება ჩემი ისტორიის უმნიშვნელოვანესი ნაწილი და აქ მიღებული გამოცდილება, მეგობრობა და მოგონებები სამუდამოდ ჩემთან დარჩება.
„დინამო თბილისს“ ვუსურვებ წარმატებას, რომელსაც ეს დიდი კლუბი იმსახურებს. მადლობა ჩემს დიდ ოჯახს ყველაფრისთვის. მხოლოდ „დინამო“, მხოლოდ თბილისი“, – წერია საბა ხარებაშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილში.