საბა ხარებაშვილი - ჩვენი მიზანი ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრაა #1TVSPORT
საბა ხარებაშვილმა კომენტარი გააკეთა ჩრდილოეთ ირლანდიის 21-წლამდელთა ნაკრებთან ევროშესარჩევი ციკლის შეხვედრაზე, რომელიც ქუთაისის „რამაზ შენგელია არენაზე“ 1:1 დასრულდა. „დინამო თბილისის“ მცველი შედეგით უკმაყოფილოა, მიზეზად კი გუნდის შეუთამაშებლობა დაასახელა.
„თამაში ჩვენი უპირატესობით მიმდინარეობდა, ბურთს ვაკონტროლებდით, მაგრამ გოლის მომენტი გამოგვეპარა. პირველი შეკრება იყო, ჯერ გაცნობის ეტაპზე ვართ, მაგრამ ყველაფერი დალაგდება და შემდეგ თამაშებში აუცილებლად მოვიგებთ. უბრალოდ, კონცენტრაცია დაგვაკლდა.
გუნდს აქვს პოტენციალი, რომ შეთამაშების შემთხვევაში უკეთესი ფეხბურთი აჩვენოს. წინა ორი თაობა ევროპის ჩემპიონატზე გავიდა, ჩვენი მიზანია, რომ იგივე მოვახერხოთ – შესაძლებლობის მაქსიმუმი გამოვავლინოთ და გავახაროთ ქვეყანა. აუცილებლად შევთამაშდებით და გავალთ ევროპის ჩემპიონატზე“, – განაცხადა ხარებაშვილმა.