საბა გოგლიჩიძის შეძენით დაინტერესებულ კლუბებს ესპანური „ბეტისიც“ შეუერთდა #1TVSPORT
საბა გოგლიჩიძის შეძენით დაინტერესებულ კლუბებს ესპანური „ბეტისიც“ შეუერთდა #1TVSPORT

საბა გოგლიჩიძის მსურველთა რიგებს ესპანური ლა ლიგის ბინადარი „ბეტისიც“ შეემატა, — ინფორმაციას Tuttomercatoweb-ი ავრცელებს.

„საბა გოგლიჩიძეს ზაფხულის სატრანსფერო „ფანჯრის“ პერიოდში რამდენიმე კლუბი ყურადღებით აკვირდება. ახალგაზრდა ქართველი, რომელიც სერია A-ში თავისი სადებიუტო სეზონის პირველ ნახევარში გამოირჩეოდა, „ემპოლის“ აუცილებლად დატოვებს.

„უდინეზეს“, „პარმას“, „სასუოლოსა“ და „პიზის“ დაინტერესების გარდა, ბოლო რამდენიმე საათში „ემპოლის“ მცველის შეძენის სურვილი „ბეტისმაც“ გამოხატა.

ანდალუსიური კლუბი „ინტერსაც“ დაუკავშირდა, რადგან მილანური გუნდის ალბანელი ფეხბურთელის, კრისტიან ასლანის დამატებითაცაა დაინტერესებული“, – წერს Tuttomercatoweb-ი.

გოგლიჩიძემ გასულ სეზონში „ემპოლის“ მაისურით სერია A-ში 33 მატჩი ჩაატარა, ხოლო სამი — იტალიის თასზე. მისი სატრანსფერო ღირებულება რვა მილიონ ევროს შეადგენს.