საბა გოგლიჩიძის „ემპოლიმ“ ახალი წელი სერია A-ს ერთ-ერთ აუტსაიდერ „ვენეციასთან“ გასვლითი მატჩით გახსნა და რთულ დაპირისპირებაში ქულა მოიპოვა – 1:1.
საქართველოს ნაკრების მცველი სერია A-ს მე-19 ტურში სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყო. საბამ შეხვედრა საკმაოდ მაღალ დონეზე, ფაქტობრივად, უშეცდომოდ ჩაატარა და საბოლოოდ, მაღალი შეფასება – 7,2 ქულა დაიმსახურა.
თამაში „ემპოლისთვის“ ძალიან უიღბლოდ დაიწყო. მე-5 წუთზე სტუმართა მეკარემ, დევის ვასკესმა უხეში შეცდომა დაუშვა – გადაცემის ნაცვლად ბურთი იოელ პოჰიანპალოს მოახვედრა, რომელმაც ის ბადეში მოათავსა. „ემპოლიმ“ წონასწორობა 32-ე წუთზე ესტებიანო ესპოზიტოს გოლით აღადგინა და საბოლოოდ, ქულა მოიპოვა.
იტალიის სერია A-ს 19 ტურის შემდეგ „ემპოლიმ“ 20 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-12 პოზიციაზე იმყოფება.