საბა გოგლიჩიძის „ემპოლიმ“ სერია A-ში „ჯენოასთან“ მნიშვნელოვანი ქულა მოიპოვა #1TVSPORT
საბა გოგლიჩიძის „ემპოლიმ“ სერია A-ში „ჯენოასთან“ მნიშვნელოვანი ქულა მოიპოვა #1TVSPORT

საბა გოგლიჩიძემ მორიგი შეხვედრა ჩაატარა „ემპოლის“ რიგებში. მისმა გუნდმა იტალიის სერია A-ში გასვლაზე „ჯენოასთან“ მნიშვნელოვანი ქულა მოიპოვა – 1:1.

საბა საზონოვი მკურნალობას აგრძელებს და ჯერ ისევ ვერ თამაშობს, ხოლო საქართველოს ნაკრების მეორე მცველი, გოგლიჩიძე „ემპოლის“ ძირითად შემადგენლობაში იყო. მან შეუცვლელად ითამაშა და 6.7 ქულა დაიმსახურა. 20 წლის მცველისთვის ეს ტოპ-ლიგაში 24-ე შეხვედრა გახლდათ, მან ტრავმების გამო მხოლოდ სამი მატჩი გამოტოვა.

„ემპოლი“ 36-ე წუთზე დაწინაურდა – ალბერტო გრასიმ ანგარიში გახსნა, რის შემდეგაც სტუმრები ძალიან ახლოს იყვნენ გამარჯვებასთან. თუმცა 81-ე წუთზე „ჯენოამ“ მაინც მოახერხა ანგარიშის გათანაბრება მეკარე მარკო სილვესტრის ავტოგოლით.

იტალიის სერია A-ს 27 ტურის შემდეგ „ემპოლის“ ანგარიშზე 22 ქულაა და გუნდი სატურნირო ცხრილში მე-18 პოზიციაზე იმყოფება, თუმცა ლიგაში ადგილის შენარჩუნების შანსი ჯერ კიდევ აქვს.