საბა გოგლიჩიძის „ემპოლი“ კონკურენტთან დამარცხდა და იტალიის სერია A დატოვა #1TVSPORT
საბა გოგლიჩიძის „ემპოლიმ“ სერია A-ს ბოლო ტურში უშუალო კონკურენტს, „ვერონას“ უმასპინძლა, 1:2 დამარცხდა და ელიტარულ დივიზიონს დაემშვიდობა.
საქართველოს ნაკრების მცველმა შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და 83-ე წუთზე შეცვალეს. მისი თამაში ანალიტიკურმა საიტებმა 6.4 ქულით შეაფასეს.
„ემპოლის“ მხოლოდ გამარჯვება აძლევდა ხელს. მე-4 წუთზე ანგარიში სტუმრებმა გახსნეს — ზუსტი დარტყმით თავი სერდარმა გამოიჩინა. ფაცინიმ 43-ე წუთზე წონასწორობა აღადგინა, მაგრამ 69-ე წუთზე ბრადარიჩმა „ვერონა“ კვლავ დააწინაურა.
საბოლოოდ, პარალელურად ჩატარებულ მატჩებში დაფიქსირებული შედეგებიც „ემპოლისთვის“ არასახარბიელო აღმოჩნდა. გუნდი 31 ქულით მე-18 ადგილზე დარჩა და მომდევნო სეზონს სერია B-ში გაატარებს.