საბა გოგლიჩიძემ „უდინეზეს“ ფორმით სადებიუტო მატჩი იტალიის სერია A-ში „ინტერის“ წინააღმდეგ ჩაატარა – ქართველის გუნდმა 2:1 მოიგო.
„ჯუზეპე მეაცაზე“ გამართული დაპირისპირების მე-17 წუთზე დუმფრისმა „ინტერი“ დააწინაურა. მაგრამ დევისმა (29 – პენალტი) წონასწორობა აღადგინა, ხოლო ატამ (40) „უდინეზე“ დააწინაურა.
ჩემპიონთა ლიგის ფინალისტსა და იტალიის ვიცე-ჩემპიონთან მატჩში საქართველოს ნაკრების მცველი თავიდან „უდინეზეს“ სათადარიგოებში იყო, მოედანზე კი შესვენების შემდეგ შევიდა და შესანიშნავად ითამაშა.
ამ მატჩის შემდეგ საბა გოგლიჩიძე თბილისში ჩამოვა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ერთად თურქეთსა (4 სექტემბერს) და ბულგარეთთან (7 სექტემბერს) მატჩებისთვის მოემზადება.