საბა გოგლიჩიძე - სანაკრებო შესვენებამდე „უდინეზეს“ რიგებში 90 წუთი ვითამაშე და გუნდის დასახმარებლად მზად ვარ #1TVSPORT
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მოახლოებულ მატჩებზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა – „უდინეზეს“ მცველმა, საბა გოგლიჩიძემ და კრაიოვას „უნივერსიტატეას“ ნახევარმცველმა, ანზორ მექვაბიშვილმა ისაუბრეს.
საბა გოგლიჩიძე: „რთული თამაში გველის. ამ ეტაპზე ესპანეთთან მატჩზე ვართ კონცენტრირებულები. ვიცით, რომ მეტოქე ძალიან ძლიერია, თუმცა ეს ფეხბურთია და მოედანზე ასი პროცენტით მობილიზებულები გავალთ. ვეცდებით, რომ მაქსიმალურად კარგი შედეგი დავაფიქსიროთ. სანაკრებო პაუზის წინ კლუბში 90 წუთი ვითამაშე და სრულად მზად ვარ, გუნდს დავეხმარო“.
ანზორ მექვაბიშვილი: „ძალიან რთული გასვლითი მატჩები გვაქვს ჩასატარებელი. ვფიქრობ, ესპანეთთან შეხვედრაში შანსები აუცილებლად გვექნება და დადებითი შედეგის მისაღებად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. თითოეულ ქულას დიდი მნიშვნელობა აქვს. სექტემბრის შეკრების შემდეგ ყველაფერს ვაკეთებდი, რომ მოახლოებულ თამაშებისთვის კარგ კონდიციაში ვყოფილიყავი და მზად ვარ, ნაკრებს დავეხმარო“.
ოქტომბერში საქართველოს ეროვნული გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ორ შეხვედრას გამართავს და მათ პირდაპირ რეპორტაჟებს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
11 ოქტომბერი | ესპანეთი – საქართველო (ელჩე, 22:45)
14 ოქტომბერი | თურქეთი – საქართველო (იზმითი, 22:45)