საბა გოგლიჩიძე მოედანს დაუბრუნდა - „ემპოლი“ „უდინეზეს“ დაუზავდა #1TVSPORT
საბა გოგლიჩიძე მოედანს დაუბრუნდა. ტრავმის შემდეგ მან „ემპოლის“ რიგებში „უდინეზესთან“ 90 წუთი ითამაშა.
20 წლის ქართველი მცველი 8 ნოემბერს „ლეჩესთან“ შეხვედრაში დაშავდა. მან სანაკრებო მატჩები უკრაინასთან და ჩეხეთთან გამოტოვა.
საბა იტალიის სერია A-ს მე-13 ტურის საშინაო შეხვედრაში „ემპოლის“ ძირითად შემადგენლობაში იყო, შეუცვლელად ითამაშა და მიუხედავად იმისა, რომ მეორე ტაიმში ორთაბრძოლისას ტკივილი იგრძნო, თამაში გააგრძელა, ხოლო მისი ასპარეზობა 6.7 ქულით შეფასდა. დაზიანებამ ის შეხვედრის მიწურულსაც შეაწუხა.
„ემპოლიმ“ დაწინაურება პირველივე ტაიმში მოახერხა. „უდინეზეს“ კარი 23-ე წუთზე ახალგაზრდა თავდამსხმელმა, პიეტრო პელეგრიმ აიღო. მასპინძლებმა მეორე ტაიმში უპირატესობა დათმეს და 76-ე წუთზე, კუთხურის გათამაშების შემდეგ წონასწორობა კეინან დევისმა აღადგინა.
13 ტურის შემდეგ „ემპოლიმ“ 16 ქულა დააგროვა და სერია A-ს სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილზეა.