საბა ბუაძე - იმედი მაქვს, 15 მაისის აქციის გამართვა საჭირო არ გახდება
საბა ბუაძე - იმედი მაქვს, 15 მაისის აქციის გამართვა საჭირო არ გახდება

შეთანხმებისკენ როცა მივდივართ, სახალხო პროტესტის აქტუალობა კლებულობს და იმედი მაქვს, 15 მაისის აქციის გამართვა საჭირო არ გახდება, – განაცხადა „ლელო საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა, საბა ბუაძემ თემის კომენტირებისას.

ბუაძის თქმით, ვიდრე შეთანხმების კრიტიკული ნაწილები არ იქნება შესრულებული, აქცია რჩება ძალაში.

„ამ მოცემულობაში, ჯერჯერობით ვითარება არ შეცვლილა, ხელისუფლებას ჯერჯერობით არ გადაუდგამს ქმედითი ნაბიჯები, გარდა შეთანხმების ხელის მოწერისა. ამიტომაც, ვიდრე შეთანხმების კრიტიკული ნაწილები არ იქნება შესრულებული, ეს აქცია რჩება ძალაში.

თუმცა, რასაკვირველია, როდესაც შეთანხმებისკენ მივდივართ, აქტუალობა მასშტაბური, სახალხო პროტესტისა კლებულობს და იმედი მაქვს, რომ არ გახდება საჭირო 15 მაისის აქციის გამართვა, იქამდე ყველა პუნქტი იქნება შესრულებული, კრიზისი კი – დასრულებული.

ყველაზე საკვანძო საკითხები ამ პროცესში არის პოლიტიკური დევნის დასრულება და ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით გარანტიების მიღება, რომელიც ასევე გულისხმობს საარჩევნო რეფორმას, როგორც ადმინისტრაციის, ისე კანონმდებლობის. ეს თუ არ განხორციელდა მყისიერად, ის სულისკვეთება, რომელიც არსებობს ამ დოკუმენტში, სრულად ვერ იქნება გათავისებული“, – განაცხადა საბა ბუაძემ.