სააგენტო Ansa - „ნაპოლის“ პრეზიდენტი ეჭვმიტანილია, მიზეზი ოსიმენის ტრანსფერია #1TVSPORT
„ნაპოლის“ პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი რომის პროკურატურის მიერ ეჭვმიტანილია „ლილიდან“ ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერსა და კაპიტალის ხელოვნურად ზრდაზე არასწორი ინფორმაციის მიწოდებისთვის, – ცნობას სააგენტო Ansa ავრცელებს.
„რომის პროკურატურამ „ნაპოლის“ პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ეჭვმიტანილთა რეესტრში დაარეგისტრირა. მიზეზი ფინანსური ანგარიშების გაყალბებაა. გამოძიება მას შემდეგ დაიწყება, რაც ნეაპოლიტანური პროკურატურა რომში დოკუმენტებს წარადგენს. სამართალწარმოება ეხება კაპიტალის ხელოვნურად მოგებას, რომელიც 2020 წელს თავდამსხმელის, ვიქტორ ოსიმენის ფრანგული „ლილიდან“ შეძენასთან არის დაკავშირებული“, – ამტკიცებს სააგენტო Ansa.
თუმცა ეს ამბავი არახალია – „ნაპოლის“ პრეზიდენტის, აურელიო დე ლაურენტისის მიმართ მსგავსი ეჭვები პროკურატურას გასულ წელსაც ჰქონდა, მაგრამ რეალურად ეს საქმე ადგილიდან არ დაძრულა. რა მოხდება ამჯერად, ჯერ უცნობია.
თავად ნეაპოლელთა პრეზიდენტი თავს იმით იწონებდა, რომ „ნაპოლის“ ფინანსები მისი მისვლის შემდეგ გამჭირვალე გახდა და გუნდს დავალიანება აღარ ჰქონდა.