რვაკვირიანი მკაცრი კარანტინის შემდეგ, იტალია შეზღუდვების შემსუბუქებას იწყებს
კორონავირუსის ეპიდემიის გამო დაწესებული რვაკვირიანი მკაცრი კარანტინის შემდეგ პირველად, იტალია შეზღუდვების შემსუბუქებას იწყებს.
4 მაისიდან ქვეყანაში დასაშვები იქნება ნათესავის მოსანახულებლად გასვლა. შესაძლებელია სახლიდან საცხოვრებელ რეგიონში გასვლა, თუმცა რეგიონებს შორის მიმოსვლა კვლავ აკრძალული იქნება. გაიხსნება პარკები და სკვერები. შესაძლებელი იქნება გარეთ ვარჯიში.
შეზღუდვების გამარტივება, ძირითადად, შეეხება ქარხნებსა და მშენებლობებს. როგორც „უოლ სტრიტ ჯორნალი“ წერს, ეს საშუალებას მისცემს ოთხ მილიონზე მეტ იტალიელს, დაბრუნდნენ სამსახურებში. თუმცა, ის ფაქტი, რომ სექტემბრამდე დახურული რჩება სკოლები და საბავშვო ბაღები, დასაქმებულ მშობლებს პრობლემას უქმნის.
სილამაზის სალონები, ბარები და რესტორნები სავარაუდოდ პირველი ივნისიდან გაიხსნება, თუმცა 4 მაისიდან იტალიაში მოქალაქეს შეეძლება, არა მხოლოდ მიტანის სერვისით ისარგებლოს, არამედ საკვები ობიექტიდან შეკვეთა თავად წაიღოს.
მაღაზიების ძირითადი ნაწილი სავარაუდოდ 18 მაისიდან გაიხსნება. ამავე დროს იგეგმება ბიბლიოთეკებისა და მუზეუმების გახსნა. სპორტის სხვადასხვა სახეობაში ნაკრებები გუნდური ვარჯიშის განახლებას ასევე 18 მაისიდან შეძლებენ.
იტალიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებული 174 ადამიანი გარდაიცვალა. ეს 10 მარტის შემდეგ გარდაცვლილთა ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ქვეყანაში „კოვიდ-19“-ს სულ 28 884 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.