რვა ქვეყანა აცხადებს პრეტენზიას ევრობასკეტი 2029-ის მასპინძლობაზე #1TVSPORT
2025 წლის გაზაფხულზე კალათბურთის საერთაშორისო ფედერაცია (FIBA) აირჩევს 2029 წლის ევრობასკეტის მასპინძელ ქვეყანას. ტურნირის ორგანიზებაზე რვა ქვეყანა აცხადებს პრეტენზიას.
FIBA-ს აღმასრულებელი დირექტორის, კამილ ნოვაკის ინფორმაციით, ტურნირის ჩატარება სურთ ესტონეთს, ფინეთს, გერმანიას, საბერძნეთს, ლიეტუვას, ნიდერლანდებს, სლოვენიასა და ესპანეთს. 2025 წლის მაისში აირჩევენ ოთხ ქვეყანას, რომლებიც ერთობლივად მიიღებენ ევროპის რიგით 43-ე ჩემპიონატს.
„ის ფაქტი, რომ რვა ოფიციალური განაცხადი მივიღეთ 2029 წლის ევრობასკეტის ჩატარებაზე, ადასტურებს უდიდეს ინტერესს მთავარი ევროპული მოვლენის მიმართ. ეროვნულმა ფედერაციებმა კარგად მიიღეს ოთხ ქვეყანაში ტურნირის ჩატარების ფორმატი, რომელიც ეხმარება ჩვენი სპორტის განვითარებას მთელ კონტინენტზე“, – განაცხადა ნოვაკმა.
სხვათა შორის, თუ აირჩევენ ესტონეთსა და ნიდერლანდებს, ისინი ისტორიაში პირველად მიიღებენ ევრობასკეტის მასპინძლობის უფლებას.