რვა მცველიც ხვიჩასთვის პრობლემა არ არის - იტალიელების გამოხმაურება კვარაცხელიას ფენომენალურ გოლზე [ვიდეო] #1TVSPORT

იტალიური სპორტული გაზეთი La Gazzetta dello Sport „ატალანტასთან“ ხვიჩა კვარაცხელიას ფენომენალურ გოლს გამოეხმაურა და მომენტის ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ გოლის დროს ქართველი თავდამსხმელი რვა მეტოქეს შორის იყო მოქცეული.

„რვა მცველის წინააღმდეგ – ეს ხვიჩასთვის პრობლემა არ არის! აღწერეთ კვარაცხელიას გოლი“, – გამოცემის მოწოდებას გულშემატკივრები დიდი ენთუზიაზმით გამოეხმაურნენ. გთავაზობთ რამდენიმე ემოციურ პოსტს:

„ნაპოლის“ ქომაგობ თუ არა, კვარაცხელიას გოლს ტაში უნდა დაუკრას ყველა თქვენგანმა. თუ არა, მაშინ უბრალოდ კეთილსინდისიერი არ ხარ!“

„ასეთი ლამაზი, მართლაც უნიკალური მომენტებისთვის მადლობას ვუხდი ღმერთს. ფეხბურთის პოეზია დაბრუნდა და ცხოვრობს ნეაპოლში“.

„ხვიჩა კვარაცხელია სხვა სპორტით არის დაკავებული. მის ირგვლივ გალია შექმნეს და მაინც გაიტანა. მას სერია A-ში არავინ ჰგავს. ლეაო, მარტინესი, ვლახოვიჩი ასეთ გადამწყვეტ როლს ვერ თამაშობენ“.

„მსიამოვნებს „ნაპოლის“ თამაშის ყურება. თუ ფეხბურთის მოყვარული ხარ, ვისაც არ უნდა გულშემატკივრობდე, კვარაცხელიას გოლს რომ შეხედავ, მხოლოდ ტაში შეგიძლია დაუკრა“.

„ფენომენალური გოლი! თუმცა, მთელი „ნაპოლი“ მშვენივრად ფეხბურთს თამაშობს“.

„პირველ მატჩებში დიდ ყურადღებას არ აქცევდნენ. ახლა მის წინააღმდეგ სისტემა შექმნეს და ყურადღება გააორმაგეს, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს ჯერ კიდევ არ არის საკმარისი“.