რუუდ გულიტი - აზარი ცდუნებას ვერ გაუძლებს და რეალში გადავა
რუუდ გულიტი - აზარი ცდუნებას ვერ გაუძლებს და რეალში გადავა

ჰოლანდიის ეროვნული ნაკრებისა და ჩელსის ლეგენდა რუუდ გულიტი თვლის, რომ არისტოკრატების ნახევარმცველი ედენ აზარი რეალში გადასვლის ცდუნებას ვერ გაუძლებს და მადრიდელებს ზაფხულში შეუერთდება.

„მინდა, რომ აზარი ჩელსიში დარჩეს, მაგრამ მადრიდის რეალს წინააღმდეგობას ვერავინ უწევს. ვფიქრობ, რომ აზარი თეთრებისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებს, რადგანაც ცდუნებას ვერ გაუძლებს. მადრიდელებს დიდი გეგმები აქვთ. უნდა მოვიცადოთ და ვნახოთ, თუ როგორ განვითარდება მოვლენები“, – ციტირებს ბრიტანული გამოცემა გოლი 56 წლის გულიტის სიტყვებს.

ბელგიელი გარემარბი ჩელსიში 2012 წლიდან ასპარეზობს. მიმდინარე სეზონში 28 წლის ფეხბურთელი შესანიშნავად თამაშობს. ყველა ტურნირის ჯამში, არისტოკრატების რიგებში, აზარმა 50 მატჩი ჩაატარა, 19 გოლი გაიტანა და 16 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ცოტა ხნის წინ, აზარმა განაცხადა, რომ თავადაც არ იცის, რა გადაწყვეტილებას მიიღებს. რაც შეეხება ლურჯების მთავარ მწვრთნელ მაურიციო სარის, მან თქვა, რომ ევროპის ლიგაზე გამარჯვება საკმარისი არ იქნება აზარის გუნდში შესანარჩუნებლად.