რუსულმა ძალებმა ღამის განმავლობაში უკრაინის რამდენიმე ქალაქზე თავდასხმა უპილოტო საფრენი აპარატებით განახორციელეს, დაშავდა რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქე
გასული ღამის განმავლობაში რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის რამდენიმე ქალაქზე თავდასხმა უპილოტო საფრენი აპარატებით განახორციელეს. შედეგად, დაშავდა რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქე და დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.
უპილოტო საფრენი აპარატების ერთ-ერთი სამიზნე ოდესის რეგიონი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას მედია ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ოლეგ კიპერზე დაყრდნობით ავრცელებს. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულია ორი ადამიანი.
სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა განხორციელდა პოლტავაშიც. შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. ასევე დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, საწარმოები, საწყობები და ავტოფარეხები.
პარალელურად, 22 აპრილს რუსული მხარის მიერ ზაპოროჟიეზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 38-მდე გაიზარდა.