რუსული მედიის ცნობით, ვლადიმერ მედინსკი და რუსტემ უმეროვი 2.5 საათის განმავლობაში საუბრობდნენ დელეგაციების შეხვედრის დაწყებამდე, რამაც განსაზღვრა შემდგომი მოლაპარაკებების ეფექტური მიმდინარეობა
რუსული მედიის ცნობით, ვლადიმერ მედინსკი და რუსტემ უმეროვი 2.5 საათის განმავლობაში საუბრობდნენ დელეგაციების შეხვედრის დაწყებამდე, რამაც განსაზღვრა შემდგომი მოლაპარაკებების ეფექტური მიმდინარეობა

სტამბოლის მოლაპარაკებებზე რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი ვლადიმერ მედინსკი და უკრაინის თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი 2.5 საათის განმავლობაში საუბრობდნენ რუსეთისა და უკრაინის დელეგაციების შეხვედრის დაწყებამდე, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

რუსული წყაროს მტკიცებით, აღნიშნულმა საუბარმა წინასწარ განსაზღვრა შემდგომი მოლაპარაკებების ეფექტური მიმდინარეობა.

პარალელურად, ცნობილი ხდება რუსეთის მიერ უკრაინისთვის გადაცემული მემორანდუმის პირობები. რუსეთის სამშვიდობო მემორანდუმის თანახმად, უკრაინა ნეიტრალური ქვეყანა უნდა იყოს, რაც გულისხმობს მის უარს სამხედრო ალიანსებსა და კოალიციებში გაწევრიანებაზე, ასევე მესამე ქვეყნების მიერ უკრაინის ტერიტორიაზე ნებისმიერი სამხედრო საქმიანობისა და იქ უცხოური სამხედრო ფორმირებების, სამხედრო ბაზებისა და სამხედრო ინფრასტრუქტურის განლაგების აკრძალვას.

უკრაინის კრიზისის მოსაგვარებლად რუსეთის წინადადებები მოიცავს უკრაინაში არჩევნების ჩატარებას და შემდეგ სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერას. მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს ყირიმის, დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების რუსეთის ფედერაციაში შეყვანის საერთაშორისო-სამართლებრივ აღიარებას; უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებისა და სხვა პარამილიტარული ფორმირებების სრულ გაყვანას ამ ტერიტორიებიდან.

რუსული მხარის მემორანდუმი გულისხმობს გარანტიებს, რომ „კიევი უარს იტყვის დივერსიულ საქმიანობაზე რუსეთის ფედერაციისა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ“.