რუსული მედიის ცნობით, ვალერი გერასიმოვმა ვლადიმერ პუტინს განუცხადა, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის ქალაქი კუპიანსკი დაიკავეს
რუსული მედიის ცნობით, ვალერი გერასიმოვმა ვლადიმერ პუტინს განუცხადა, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის ქალაქი კუპიანსკი დაიკავეს

რუსეთის არმიის გენშტაბის ხელმძღვანელი ვალერი გერასიმოვი აცხადებს, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის ქალაქი კუპიანსკი დაიკავეს. მედიის ინფორმაციით, გერასიმოვმა ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს განუცხადა, რომელიც ფრონტის ხაზთან ახლოს იმყოფებოდა.

„„დასავლეთის“ დაჯგუფების დანაყოფებმა გაათავისუფლეს ქალაქი კუპიანსკი და აგრძელებენ ოსკოლის მარცხენა სანაპიროზე ალყაში მოქცეული უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაყოფების განადგურებას. შეიარაღებული ძალები აგრძელებენ თავიანთი ამოცანების შესრულებას სპეციალური სამხედრო ოპერაციის გეგმის შესაბამისად. ჯარები პრაქტიკულად ყველა მიმართულებით მიიწევენ წინ, გაზაფხული-ზაფხულის კამპანიაში მიღწეული წარმატებების გათვალისწინებით“, – განუცხადა გერასიმოვმა პუტინს.

გერასიმოვმა პუტინს ასევე განუცხადა, რომ რუსულმა ძალებმა პოკროვსკის – 70 პროცენტი და ვოვჩანსკის 80 პროცენტზე მეტი აიღეს.

კრემლის ცნობით, პუტინი რუსული ძალების „დასავლეთის“ დაჯგუფების სამეთაურო პუნქტს ეწვია, სადაც ის გერასიმოვსა და სამხედრო მაღალჩინოსნებს შეხვდა.