რუსული მედიის ცნობით, ლენინგრადის ოლქზე მასირებული იერიშის შედეგად უსტ-ლუგის პორტის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა სამი ადამიანი
ლენინგრადის ოლქზე მასირებული იერიში მიიტანეს, უსტ-ლუგის პორტის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავებულია სამი ადამიანი, – ამის შესახებ რუსული მედია წერს.
რეგიონის გუბერნატორის, ალექსანდრ დროზდენკოს განცხადებით, ღამის განმავლობაში რეგიონში დაახლოებით 150 დრონი ჩამოაგდეს.
მისი თქმით, ლენინგრადის ოლქზე განხორციელებული თავდასხმა წლის დასაწყისიდან ყველაზე მასშტაბური იყო. დრონებით თავდასხმის შედეგად უსტ-ლუგის პორტის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა, ასევე ავარიულად გაითიშა ქვესადგური.
უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, სანკტ-პეტერბურგისკენ მიმავალი ორი სამგზავრო თვითმფრინავი ჰელსინკის აეროპორტში დაეშვა. პულკოვოს აეროპორტში კი 18 რეისი გადაიდო ან გაუქმდა.
უსტ-ლუგის პორტი ნავთობის, ნავთობპროდუქტების, ქვანახშირის, თხევადი ბუნებრივი აირისა და სხვა ტვირთების გადაზიდვას ემსახურება. ის სანკტ-პეტერბურგიდან დაახლოებით 100-150 კილომეტრში მდებარეობს.