რუსული მედიის ცნობით, ბოლო 24 საათში რუსეთის თავდაცვის ძალებმა მოსკოვისკენ მოძრავი 180 დრონი ჩამოაგდეს, იერიშის შედეგად ხანძარი გაჩნდა მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში
ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა მოსკოვისკენ მოძრავი 180 დრონი ჩამოაგდეს, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
იერიშის შედეგად მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა.
როგორც რუსული მედია წერს, მოსკოვზე დრონებით თავდასხმის მცდელობა ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური იყო.
მოსკოვის მერის, სერგეი სობინიანის თქმით, მოსკოვის რეგიონზე მასირებული იერიშის დროს რამდენიმე დრონმა მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანამდე მიაღწია.
„საჰაერო თავდაცვის ძალები აგრძელებენ მასირებული თავდასხმის მოგერიებას. რამდენიმე უპილოტო აპარატმა შეძლო მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანამდე მიღწევა“, – აცხადებს მოსკოვის მერი.
მისივე ინფორმაციით, დრონების ნამსხვრევები ჩამოვარდა სავაჭრო ცენტრ „სადოვოდის“ ტერიტორიაზე, სადაც მცირე დაზიანებები დაფიქსირდა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
მოსკოვის ოლქის გუბერნატორის, ანდრეი ვორობიოვის განცხადებით, ერთ-ერთი კერძო სახლის სახურავზე დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ერთი ქალი დაშავდა. ასევე დაზიანდა ფიტნესცენტრი და ლიუბერცის სამრეწველო ზონაში მდებარე ობიექტი. სავაჭრო ცენტრ „ბელაია დაჩას“ ტერიტორიაზე კი სახურავს ცეცხლი გაუჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულები არ არიან.
მასირებულ იერიშს მსხვერპლი მოჰყვა როსტოვის ოლქში. ქალაქ გუკოვოში ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა. როგორც რეგიონის გუბერნატორი, იური სლუსარი აცხადებს, როსტოვის ხუთ რეგიონში 60 დრონი ჩამოაგდეს.
შერემეტიევოს, დომოდედოვოსა და ჟუკოვსკის აეროპორტებში დროებითი შეზღუდვებია დაწესებული.