რუსული მედია - კვარაცხელიას წასვლამ შესაძლოა მოსკოვის „ლოკომოტივი“ დაშალოს
რუსული მედია - კვარაცხელიას წასვლამ შესაძლოა მოსკოვის „ლოკომოტივი“ დაშალოს

მოსკოვის „ლოკომოტივიდან“ ხვიჩა კვარაცხელიას ყაზანის „რუბინში“ გადასვლამ რუსულ მედიაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. „სოვეტსკი სპორტის“ ჟურნალისტის აზრით, საქართველოს ნაკრების 18 წლის ტალანტის უარი და „რუბინში“ გადასვლა „ლოკომოტივში“ არსებული დაპირისპირების შედეგია და არ გამორიცხავს, რომ გუნდი დაიშალოს.

„ქართველი ვუნდერკინდის, ხვიჩა კვარაცხელიას მოულოდნელი წასვლა შესაძლოა ამჟამინდელი „ლოკომოტივის“ დასასრულის დასაწყისი იყოს და წარმატებული 2018/2019 სეზონის შემდეგ (ვერცხლის მედალი პლუს თასი), არაა გამორიცხული, იური სიომინის გუნდი ვაგონებად დაიშალოს. გულშემატკივარს 18 წლის ნიჭიერი კვარაცხელია მოეწონა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მან დიდი შთაბეჭდილება სიომინზე მოახდინა, რომელიც დარწმუნებული იყო, რომ საზაფხულო შესვენებისას „რუსთავიდან“ იჯარით წამოყვანილ ქართველთან სრულფასოვანი შეთანხმება გაფორმდებოდა. თუმცა, კლუბი ლეგიონერს ვერ შეუთანხმდა და ის კარიერას „რუბინში” გააგრძელებს. ყაზანელებმა რამდენიმე დღის წინ ხელი მოაწერეს კონტრაქტს კიდევ ერთ, 18 წლის ქართველ ნახევარმცველ ზურიკო დავითაშვილთან. ასე რომ, აგენტ მამუკა ჯუღელს, რომელიც ბევრი თავისი თანამემამულის საქმეებს უძღვება, აშკარაა, რომ თათრეთის დედაქალაქში საკუთარი ინტერესი აქვს“, – წერს „სოვეტსკი სპორტი“.

გაზეთი „ლოკომოტივი“ ნიჭიერი ქართველის გამო ატეხილ შიდა საკლუბო დაპირისპირების დეტალებზეც წერს.

„გენერალური მენეჯერის და მთავარი მწვრთნელის ურთიერთობა აირია და უკვე რამდენიმე თვეა, „ლოკოში“ კონფლიქტი გაჩაღდა, მაგრამ არა სიომინსა და კიკნაძეს შორის. ამ საქმეში საკვანძო ფიგურები კლუბის გამგეობის წევრები არიან. სწორედ მათი უმოქმედობის შედეგია, რომ კვარცხელიასთან ხელშეკრულება ვერ გაფორმდა“, – წერს გამოცემა.