რუსული მედია - ბუნდესტაგზე კიბერთავდასხმის საქმეზე გერმანიაში რუსეთის ელჩი საგარეო უწყებაში გამოიძახეს
რუსული მედია - ბუნდესტაგზე კიბერთავდასხმის საქმეზე გერმანიაში რუსეთის ელჩი საგარეო უწყებაში გამოიძახეს

ბუნდესტაგზე კიბერთავდასხმის საქმეზე გერმანიაში რუსეთის ელჩი სერგეი ნაჩაევი საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, რუს დიპლომატს განუმარტეს, რომ ბრიუსელის ფედერალური მთავრობა იყენებს ევროკავშირის კიბერსანქციებს იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც გერმანიის საკანონმდებლო ორგანოზე თავდასხმაზე არიან პასუხისმგებელი. აღნიშნულ პირებს შორის არის რუსეთის მოქალაქე დმიტრი ბადინი.

ამასთან, როგორც რუსული მედია იუწყება, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩს ასევე განუცხადეს, რომ 2015 წელს დმიტრი ბადინი, როგორც რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომელი, ჯგუფ „აერტე 28“-ის შემადგენლობაში იღებდა თავდასხმაში მონაწილეობას.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ქვეყნის მთავრობას ბუნდესტაგზე თავდასხმის საქმე სურს, შეაფასოს „ტიგრგარდენში მომხდარი მკვლელობის მიმდინარე გამოძიების ფონზე“ და „იტოვებს უფლებას, მიიღოს დამატებითი ზომები“. ბერლინის ცენტრალურ უბან ტირგარტენში გასული წლის 23 აგვისტოს საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი მოკლეს. მკვლელობასთან დაკავშირებით გერმანიაში 49 წლის რუსეთის მოქალაქე დააკავეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ეჭვმიტანილი რუსეთის დაზვერვის თანამშრომელია.