რუსული მედია ანანიძის „სპარტაკიდან“ გაშვებაზე - ის წელიწადში 2 მილიონს იღებს
რუსული მედია ანანიძის „სპარტაკიდან“ გაშვებაზე - ის წელიწადში 2 მილიონს იღებს

ჯანო ანანიძე მოსკოვის „სპარტაკში“ წელიწადში 2 მილიონ ევროს გამოიმუშავებს – ინფორმაციას სპორტ-ექსპრესი ავრცელებს.

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის რუსული კლუბიდან გაშვებაზე ორიოდე დღის წინ გავრცელებულ ინფორმაციაზე რუსულ მედიაში ახალ-ახალი ფაქტები ვრცელდება. „სპორტ-ეკსპრესის“ ცნობით, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი კლუბს სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე დატოვებს, რადგან მოსკოვურ კლუბს მისი შენახვა ძვირი უჯდება.

„წყაროს ცნობით, „წითელ-თეთრების“ ხელმძღვანელებმა გადაწყვეტილება უკვე აცნობეს ფეხბურთელებს და მათ აგენტებს, რომ იანვარში ახალი გუნდების ძებნა დაიწყონ. ჯანო ანანიძეს კონტრაქტი 2021 წლის ივნისში უმთავრდება. სხვებისგან განსხვავებით, მისი ამბავი განსაკუთრებულია: ჯანო დიდი ხნის განმავლობაში კლუბის სისტემაშია, მასთან კონტრაქტს რეგულარულად ანახლებდნენ, მაგრამ ტრავმებმა თავის გამოვლენის შანსი არ მისცა. თუ გავითვალისწინებთ ძალიან მაღალ ხელფასს (წელიწადში დაახლოებით 2 მილიონი ევრო) და ტენდენციას, ქართველის დარჩენის შანსი არც ისე მაღალია,“ – წერს რუსული გამოცემა.

თუკი „სპორტ-ეკსპრესსს“ ვენდობით, გამოდის, რომ ჯანო ანანიძე ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქართველი სპორტსმენია. საშუალოდ, მისი ხელფასი თვეში დაახლოებით 167 ათასი ევროა. თუმცა, რუსულ კლუბებში გავრცელებული პრაქტიკის გათვალისწინებით, საეჭვოა, ქართველი ფეხბურთელი ამ თანხას სრულად იღებდეს.