რუსული მედია - ანანიძე უახლოეს დღეებში „ვიტესში“ იჯარით გადავა
რუსული მედია - ანანიძე უახლოეს დღეებში „ვიტესში“ იჯარით გადავა

მოსკოვის „სპარტაკის“ ნახევარმცველი ჯანო ანანიძე მალე ჰოლანდიური „ვიტესის“ ფეხბურთელი გახდება – ინფორმაციას რუსული „Р-Спорт“ ავრცელებს.

გამოცემა, როგორც თავად წერს, სანდო წყაროზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ 26 წლის ქართველი ნახევარმცველი „ვიტესში“ სეზონის ბოლომდე იჯარით ითამაშებს, კლუბს კი მალე შეუერთდება.

„ფეხბურთელმა გადაწყვიტა რომ „ვიტესში“ ითამაშებს. ტრანსფერს კლუბები უახლოეს დღეებში ოფიციალურად გამოაცხადებენ, იჯარა სეზონის ბოლომდე გაფორმდება“,- აცხადებს წყარო.

დაახლოებით იგივეს ამტკიცებს championat.com და დამატებით იმასაც წერს, რომ „სპარტაკის“ ქართველმა ლეგიონერმა „კრილია სოვეტოვის“ წინადადება უარყო, რადგან ევროპაში თამაში სურდა და ამის გამო შედარებით დაბალ ხელფასზე თამაშზეც თანახმაა.

ჰოლანდიურ კლუბს რუსი სპეციალისტი ლეონიდ სლუცკის წვრთნის, გუნდის მეპატრონე კი ჯერ მერაბ ჟორდანია იყო, ახლა კი რუსი ბიზნესმენი, ქუთაისში დაბადებული ალექსანდრე ჩიგრინსკია. კლუბის კაპიტანი წლები იყო გურამ კაშია, მისი ფორმით კი გიორგი ჭანტურია და ვაკო ყაზაიშვილი თამაშობდნენ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ანანიძემ „სპარტაკში“ მხოლოდ სამი მატჩი ჩაატარა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.